სტუდენტებმა, რომლებმაც შვიდ მუნიციპალიტეტში ორთვიანი პრაქტიკა გაიარეს, მიღებული გამოცდილების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გერმან
5 დეკემბერი 2020
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის წარმომადგენლები იმ სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებმაც წელს, აგვისტოსა და სექტემბერში, საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში პრაქტიკა გაიარეს.
პრაქტიკის მიზანი იყო ახალგაზრდების დაინტერესება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებით. კერძოდ, სტუდენტები გორში, ზუგდიდში, თელავში, საჩხერეში, ქარელში, ქედასა და ჭიათურაში გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკას და შეისწავლეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწალეობის პრაქტიკა. არსებული ვითარების ანალიზის საფუძველზე ახალგაზრდებმა გამოავლინეს მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით არსებული საჭიროებები და შეიმუშავეს რეკომენდაციები.
შეხვედრაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები პრაქტიკის ფარგლებში მიღებული გამოცდილების შესახებ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან მზია გიორგობიანთან ერთად, ახალგაზრდებმა დისკუსიის ფორმატში განიხილეს მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა თანამონაწილეობის კუთხით არსებული მდგომარეობა, წარმოადგინეს კარგი პრაქტიკის მაგალითები, იმსჯელეს ამ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
თოთხმეტმა სტუდენტმა შვიდ მუნიციპალიტეტში პრაქტიკა ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ორგანიზებითა და GIZ-ის პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით გაიარა. პროგრამა საქართველოში ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს.